понедельник, 15 июня 2015 г.

გამჭვირვალე კედელი.

პატარას ეგონა რომ სანამ გაიზრდებოდა და სხვა ბავშვებივით აიდგამდა ფეხს, ფიქრით არ ფიქრობდა ამაზე, უბრალოდ ასე ხედავდა და ერთი სული ქონდა მალე გაზრდილიყო, მალე, მალე, მალე... მის გარშემო ყოველდღე ახალ ნაბიჯებს დგამდნენ მეზობელი ბავშვები ბაღებში, სადარბაზოებში, გზებზე...
ნელ-ნელა სირბილიც დაიწყეს, ტანი აიყარეს, უფრო მოძრავები გახდნენ... ის კი... ის ისევ პატარად დარჩა... თავიდნ ვერც მიხვდა რატომ... რატომ ვერ მიბაძა მათ ნაბიჯებით, რატომ ვერ დაეწია სირბილში, რატომ იჯდა ისევ უცნაურ ბორბლებიან სავარძელში. ვერ მიხვდა და უკვირდა თითქოს ძალიან დიდხანს... მაგრამ მერე მიხვდა... რომ მხოლოდ ამ სავარძლით შეეძლო სიარული, სწრაფი სიარულიც, რომლის შეგრძნებაც რაღაცნაირად სირბილს ჰგავდა მისთვის. სავარძელს არ ჰქონდა ნაბიჯები და ვერ დაითვლიდა რამდენი ნაბიჯი იყო მისი სადარბაზოდან ალვის ხემდე, ან იქვე მარკეტამდე, ან უბრალოდ მეორე სადარბაზომდე...
წლები შეუმჩნეველი და მომაბეზრებელი ერთფეროვნებით გავიდა და მასთან ერთად ის ბორბლებიანი ეტლიც გაიზარდა... უფრო მეტად თვალშისაცემად გამაღიზიანებელი გამოჩნდა. საოცრად უხეში და დიდი ჩანდა ამ სამყაროსთვის მოფუსფუსე და მოფარფატე ხალხის ფონზე. ხალხის, რომელთა მზერაც რაღაცნაირი ცნობისმოყვარეობით და შეცოდებით ეცემა და უფრო მეტად შიშს ზრდის მასში, შიშს თითქოს მშიერი ლეკვივით აპურებენ ყოველი მზერით და მაშინაც კი როცა ამ შიშის ლეკვს აღარ შია, მაინც აძალებენ ლუკმას უფრო მალე რომ გაიზარდოს...
ხანდახან ფიქრობდა იმაზეც რომ შესაძლოა სამყარო ისე ყოფილიყო მოწყობილი რომ ყველას მასსავით ეტლით ევლო და ალბათ თვითონ მაინც ნაკლით დაიბადებოდა ასეთ ცხოვრებაშიც და მხოლოდ თვითონ ივლიდა ფეხით...
მისთვის ფანჯრის მიღმა სამყარო მხოლოდ წიგნებიდან იყო ნაცნობი, მხოლოდ წიგნებიდან ხვდებოდა რა არის ნამდვილი ბედნიერება, ტკივილი მისთვის ისედაც ნაცნობი იყო -რაღაცნაირად სევდაშეპარული. სარკმლიდან მხოლოდ ადამიანები მოსჩანდნენ ყოველდღე ცვალებადი სახეებით და სხვადასხვა ტვირთით, მოსჩანდა ქუჩა, რომელიც მისთვის გრძელი გზა იყო, მობუზღუნე ჩიტები და ყვავილები, რომელთა სურნელიც ღია ფანჯარაში კარგი ხასიათივით აღწევდა. წიგნებში კი... წიგნებში მთელი გალაქტიკა თითქოს ხელისგულზე ედო,ყველა გრძნობა თითქოს განცდილი ქონდა, ისწავლა როგორ გაერჩია თანაგრძნობა პირფერობისგან, რომ ადამიანები ხანდახან მაინც არიან ერთმანეთის ერთგულები, რომ სიყვარული მხოლოდ ემოციების ფანტვა არ არის, რომ გოგონებს თმებზე ყვავილების სურნელი აქვთ... მერე სამეცნიერო წიგნების კითხვა დაიწყო, ფილოსოფიის, ფიზიკის, პოეზიის და ხვდებოდა რომ ყველაფერიერთი დიდი მოძრავი პლანეტის წვრილმანი დეტალები იყო, დროისა და ხასიეთების, ლეგენდებისა და ისტორიების ცვალებადი სახეები და რაღაცნაირად თითქოს მეორდებოდნენ და მეორდებოდნენ,ერთ წრედზე ტრიალებდნენ, დადიოდნენ, დაძვრებოდნენ, მიფორთხავდნენ და ცეკვავდნენ, სისხლით იცლებოდნენ და თავიდან იბადებოდნენ ადამიანები და ისევ მეორდებოდნენ... ადამიანს გზა მიეცი და უსასრულოდ შეუძლია იაროს, მაგრამ თუ ნაბიჯებს წაართმევ უსასრულოდ შეუძლია უბრალოდ იოცნებოს.
ოცნებით კი ხანდახან ვერ გრძნობ რეალურ ცხოვრებას, ვერ გრძნობ როგორ მძაფრად ყავხარ სამყაროს მკლავებში ჩახუტებული და როგორიც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა იყო ის ყოველთვის ისეთს მიგიღებს როგორიც ხარ. უფრო ძლიერად ჩაგიხუტებს და შეგითავისებს, ათას შესაძლებლობას მოგცემს დაუსრულებლად აკეთო სიკეთე, რაღაც კარგი და ამაღლებული. მთავარია ხალხიც მიხვდეს, მიხვდეს და სამყაროსავით ახლოს მივიდნენ მასთან და შემოხვიონ მკლავები. ყველა ერთად ხომ მთელი დედამიწა ვართ... ამას ეტყვის ყველას, ეტყვის ხმამაღლა, აი უბრალოდ გავა ამ კედლის იქით და მერე რა რომ მათ არ გავს, ადამიანებს უფრო მეტად სიკეთე და სიმშვიდე უყვართ, ისეთებიც უფრო მეტნი არიან არაფრით განსხვავებულები, ვიღაცაზე მეტს რომ არ თვლიან საკუთარ თავს და აუცილებლად შეიცვლება ყველაფერი თუ ყველას ერთი სიკეთე გვაერთიანებს.
ჩვენ ყველას ხომ ერთი ცა გვაქვს, ერთი მზე...  ერთი დედამიწა...)
/ლელა აბრამიშვილი/

Комментариев нет:

Отправить комментарий