ქეთევან ჭიღლაძე ახლა
ქუთაისში ცხოვრობს და სხვადასხვა ტრენინგებში, არასამთავრობო
ორგანიზაციების მიერ წარმოებულ კამპანიებში აქტიურადაა ჩართული. თუმცა,
იმის გამო, რომ ფორმალური განათლების დამადასტურებელი დიპლომი არ აქვს,
დაუსაქმებელია.
იმ დროს, როდესაც
ქეთევან ჭიღლაძე უნივერსიტეტში აბარებდა, ავტორიზაციის სტანდარტი, რომელიც
შშმ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილებას გულისხმობს, ჯერ კიდევ არ
მოქმედებდა. ავტორიზაციის დღეს მოქმედი სტანდარტები 2010 წელს ამუშავდა. ამ
წლიდანვე მასში შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტაცია გათვალისწინებულია.
თსუ-ის VI კორპუსში არც პანდუსებია, არც ლიფტი და არც ადაპტირებული სველი წერტილი.
ხოლო
იმისათვის, რომ დაწესებულება ადაპტირებულად ჩაითვალოს, და შესაბამისად,
ავტორიზაციის მინიმალური სტანდარტი დაკმაყოფილდეს, საკმარისია, რომ
სასწავლო დაწესებულებას მფლობელობაში არსებული შენობებიდან ადაპტირებული
ერთი მაინც ჰქონდეს. ამდენად, უნივერსიტეტი შშმ პირებისთვის ადაპტირებულად
ჩაითვლება, თუ მას, მაგალითისთვის, 11 კორპუსიდან მხოლოდ ერთში ექნება
პანდუსი, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილი.
“როცა
აკრედიტაციის ცენტრი უნივერსიტეტს ავტორიზაციას აძლევს და იქ არ სწავლობს
ასეთი საჭიროებების მქონე სტუდენტი, მაინც ვალდებულია შეასრულოს მინიმალური
სტანდარტი: უზრუნველყოს პანდუსი, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილი
გადაადგილების პრობლემის მქონე მოსწავლე-სტუდენტებისთვის. თუ სასწავლებელში
ჩაირიცხება სტუდენტი, რომელსაც სხვა საჭიროებები აქვს, ცენტრი კონკრეტულ
მითითებებს გასცემს”, – ამბობს ლაშა მარგიშვილი და დასძენს, რომ
საჭიროებების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შშმ სტუდენტს აკრედიტაციის
ცენტრისთვის საჩივრით მიმართვა შეუძლია.
ლაშა
მარგიშვილი მიიჩნევს, რომ სასწავლო დაწესებულებისთვის ლიფტის, პანდუსისა
და სველი წერტილის მხოლოდ ერთ შენობაში განთავსების დავალდებულება შშმ
პირთა მიმართ დისკრიმინაცია არ არის. ამ მოსაზრებას ორგანიზაცია “მოძრაობა
ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” ხელმძღვანელი გიორგი ახმეტელი არ
ეთანხმება.
ილიაუნის C კორპუსის ცენტრალურ შესასვლელში პანდუსი არ არის. შენობაში არც ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილია.
სასწავლო
დაწესებულებებს გარემოს ადაპტაციას პრემიერ-მინისტრის 41-ე დადგენილება
ავალდებულებს, რომელიც 2014 წლის 6 იანვარს არის ხელმოწერილი. დადგენილება
2014-16 წლების სტრატეგიას წარმოადგენს.
41-ე
დადგენილება “კეთილ სადღეგრძელოს” ჰგავს, – ამბობს იურისტი გიორგი
ნონიაშვილი, რადგან განათლებისა თუ სხვა სამინისტროებისთვის სურვილებია
ჩაწერილი, აღსრულებისა და გაკონტროლების მექანიზმებზე კი დადგენილებაში
არაფერია ნათქვამი. ნონიაშვილის თქმით, იმის გამო, რომ სტრატეგიას ბიუჯეტის
მხარე არ აქვს, მთავრობისგან ანგარიშგების მოთხოვნა შეუძლებელი ხდება.
“შშმ
პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, მისი 90 პროცენტის
იმპლემენტაცია ჯერ კიდევ არ მომხდარა, რადგან კონვენციის ნაკისრი
ვალდებულებების აღსრულება 41-ე დადგენილებას უნდა დაფუძნებოდა. დოკუმენტში
წარმოდგენლ სტრატეგიაში კი არაფერია ნათქვამი, რა და როგორ უნდა დაიხარჯოს
გარემოს ადაპტაციისთვის. შესაბამისად, არ შეგვიძლია მთავრობას ვკითხოთ,
რატომ არ დახარჯა, ან როგორ და რა დახარჯა თანაბრად ხელმისაწვდომი გარემოს
მისაღწევად”, – ამბობს გიორგი ნონიაშვილი.
იმისთვის,
რომ გამოგვერკვია, რამდენად ადაპტირებულია გარემო უნივერსიტეტებში და რა
ოდენობით თანხა დაიხარჯა შესაბამისი სამუშაოებისთვის, “17 მაისმა”
კითხვებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიაუნის და საქართველოს
ტექნიკურ უნივერსიტეტს მიმართა. კითხვებს ნაწილობრივ მხოლოდ თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში უპასუხეს, სადაც 4 შშმ სტუდენტი ირიცხება.
ილიაუნისა და ტექნიკური უნივერსიტეტისგან კი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
თსუ-ის I კორპუსში ადაპტირებული სველი წერტილი “17 მაისს”დაკეტილი დახვდა.
“პირველი,
მეორე, მესამე, მეოთხე და მეექვსე კორპუსებში მიტარდება ლექციები. პირველი
კორპუსის გარდა, ისეთი მდგომარეობაა, ჩვენც კი გვიჭირს გადაადგილება, ვისაც
სპეციალური საჭიროება არ გვაქვს. არც ერთი შშმ ჯგუფელი არ მყავს”, –
ამბობს ნაზი პოილარაშვილი.
პოილარაშვილის
მსგავსად ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის პირველი კურსის
სტუდენტი ნათია გაბიდაურიც ამბობს, რომ გარემო ადაპტირებული არ
არის – უნივერსიტეტში არც ლიფტია და არც ადაპტირებული სველი წერტილი. ნათია
გაბიდაურის თქმით, მას არც შშმ ჯგუფელი ჰყავს და ეტლით მოსარგებლე
სტუდენტიც არ უნახავს.
შშმ ჯგუფელი არც ილიაუნის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტ თეონა მიდელაშვილს ჰყავს.
“ილიაუნის
არც ერთ კორპუსში არ არის პანდუსი, ლიფტი ან ადაპტირებული სველი წერტილი.
შშმ ჯგუფელი ან კურსელი არასოდეს მყოლია და არც მიკვირს, რადგან ამ
გარემოში სრულფასოვნად ვერ ისწავლიან”, – ამბობს ილიაუნის სტუდენტი თეონა
მიდელაშვილი.
იმის გამო, რომ ზოგიერთი
შენობა ადვილად ადაპტირებადია, ზოგი კი რთულად, ორგანიზაცია “მოძრაობა
ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” ხელმძღვანელი გიორგი ახმეტელი, ამბობს,
რომ ძნელია ვივარაუდოთ, რა თანხებთანაა დაკავშირებული უნივერსიტეტების
ადაპტირება. გიორგი ახმეტელის თქმითვე, ორ-სამ საფეხურიანი კიბის
ჩამნაცვლებელი პანდუსი საშუალოდ, დაახლოებით, 300 ლარი ჯდება.
ჯანდაცვის
სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 127 000-მდე შშმ პირი ცხოვრობს. ეს
სტატისტიკა ზუსტ მონაცემებს არ ასახავს, რადგან ბევრი ადამიანი
სტერეოტიპებისა და მოსალოდნელი ჩაგვრის გამო არ იღებს შშმ პირის სტატუსს,
ბევრს კი არც შესაბამისი ინფორმაცია აქვს და არც შესაძლებლობა. შედეგად, თუ
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შშმ პირები, საშუალოდ, თითოეული ქვეყნის
მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს წარმოადგენენ, საქართველოში ეს
მაჩვენებელი 3 პროცენტია.
ავტორი: მარიამ ქაჯაია
Комментариев нет:
Отправить комментарий