воскресенье, 31 мая 2015 г.

დისკრიმინაციის გარეშე

 (photo: George Doyle) სალომე გორგოძე;
საჭიროა გაგრძელდეს დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი.
სახელმწიფომ უზრუნველყოს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, შინ მოვლისა და ინდივიდუალური მხარდაჭერის სქემის მეშვეობით, - ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „ქართული ოცნების“ მმართველობის ორი წლის შეფასების ანგარიშის რეკომენდაციებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
მნიშვნელოვანია, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით, ძირეულად შეიცვალოს საკანონმდებლო ბაზა. მათ შორის, განათლების, დასაქმების მისაწვდომობის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სხვა მიმართულებებით. ასევე, პირის ქმედუუნაროდ მიჩნევის მოდელის ცვლილება მოხდეს საკონსტუტუციო სასამართლოსა და კონვენციის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით.
რეკომენდაციებში ვკითხულობთ, რომ შშმ პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მიზნით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო პოლიტიკის ყველა მიმართულებაში  შშმ ბავშვებისა და ქალების, როგორც მიზნობრივი ჯგუფის გათვალისწინება.
ამასთანავე, საჭიროა, შემუშავდეს და დაინერგოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სტატუსის მინიჭების სოციალურ მოდელზე ორიენტირებული პროცედურა, რომელიც დაეფუძნება პირთა ინდივიდუალური შეფასების ფუნქციურ მოდელს.
კვლევის ავტორებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, უზრუნველყოფილი იყოს შშმ პირთათვის დისკრიმინაციის გარეშე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე, რაც ამ ჯგუფის საჭიროებებზე ორიენტირებულ მომსახურებას გულისხმობს. ასევე, შემუშავდეს მათ სპეციალურ საჭიროებებზე გათვლილი სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამები, მათი დასაქმების კომპლექსური სტრატეგია.
კვლევის ანგარიშის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით რამდენიმე რეფორმა და ცვლილება განხორციელდა.  პარლამენტმა 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა კონვენციის რატიფიცირება თანდართული დეკლარაციის გათვალისწინებით, რაც, კვლევის ავტორთა შეფასებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით.
გარდა ამისა, მთავრობამ არსებული სისტემის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირების პროცესი დაიწყო.  შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო  კონვენციის იმპლემენტაციის ორგანოდ განისაზღვრა,  ხოლო კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ინსტიტუტად სახალხო დამცველი დასახელდა.
გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა ქმედუუნარობის მოქმედი მოდელი. ამავე წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმა“.

 http://www.liberali.ge/ge/liberali/news/125763/

Комментариев нет:

Отправить комментарий