суббота, 30 мая 2015 г.

ბავშვები ბავშვობის მიღმა

 (photo: )არაადაპტირებული გარემოს გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს სხვა ბავშვების მსგავსად თამაშის, დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა არ აქვთ.
შშმ ბავშვებს საქართველოში სხვისი დახმარების გარეშე თეატრებში, სკვერებსა და გასართობ-შემეცნებით დაწესებულებებში დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ.
8 წლის ნიკო ზოოპარკში მეორედაა. ეტლით სარგებლობს. შესასვლელში არასტანდარტულად დახრილ პანდუსზე ნიკოს ჩასაყვანად დედას ახალგაზრდა მამაკაცი ეხმარება. ნიკოს ძმა დათო კი მამას ჩამოჰყავს. 16 წლის დათოც ეტლით გადაადგილდება.
ნიკოს გარეთ გასეირნება განსაკუთრებულად უხარია - მშობლებს ყველა ცხოველის სახელს ეკითხება და კარუსელებზე დაჯდომას სთხოვს.
მზიანი ამინდია, თბილა. ზოოპარკის შესასვლელში ბავშვები ირევიან. ხელმარცხნივ ფონდ "სიცოცხლის ხის" მიერ გაკეთებულ საქანელაზე ეტლით მოსარგებლე ბავშვებისთვის ქანაობა უფასოა.
ცხოველებთან სხვა ბავშვებივით ახლოს მისვლა ნიკოს არ შეუძლია - ეტლისთვის სპეციალური, ე.წ. „დახრილი“ არ არსებობს. ჯერ ზლაზვნით მოსიარულე სპილოებს ვათვალიერებთ, შემდეგ "ეშმაკის ბორბლისკენ" მივეშურებით:
"დე, დამსვი რა", - ეუბნება ნიკო დედას. უფროსი ძმა ჩუმადაა.
სალაროში ახალგზარდა ქალი გვპასუხობს, რომ ეშმაკის ბორბალზე ეტლით დაჯდომა შეუძლებელია - „გავაჩერებ, ხელით აიყვანეთ და კალთაში ჩაისვით“.
ფულს არ გვართმევს, ამბობს, რომ "ასეთ" ბავშვებს უფასოდ „აკატავებს“ ხოლმე.
ვასიკო ჟუჟუნაძეს უმცროსი შვილი, ნიკო ხელში აჰყავს და რამდენიმე წუთში დაბლა დარჩენილ დათოს და დედამისს მაღლიდან გადმოვყურებთ.
16 წლის დათო ხელში აყვანის წინააღმდეგია. მზიან ამინდში ცრის. ნიკოს ეს განსაკუთრებულად მოსწონს. ხელმარჯვნივ მთაწმინდა ჩანს, იქ უფრო მაღალი "ეშმაკის ბორბალია". ნიკოს მამა ჰპირდება, რომ მეორე კვირას მთაწმინდაზე აიყვანს და ბორბალზე დასვამს.
ამის შემდეგ კიდევ ერთი დიდი ატრაქციონია, მაგრამ გზაზე ხრეში ყრია, ამიტომ ეტლით გადაადგილება შეუძლებელია და უკან ვბრუნდებით.
სეირნობის დროს ნიკო იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ მოზარდმაყურებელთა თეატრში იყვნენ, მცირე დარბაზში, სპექტაკლზე დასასწრებად, მამამ ხელით აიყვანა.
დათოს და ნიკოს დღეები ერთმანეთს ჰგავს. დილით მშობლებს კორპუსის მეცხრე სართულიდან ხელით ჩამოჰყავთ, ლიფტში ეტლი არ შედის. სკოლა იქვე ახლოსაა. სკოლის მერე ყოველდღე მასაჟებზე მიდიან. შემდეგ კი სახლში ბრუნდებიან:
"ფაქტობრივად, კარჩაკეტილ ცხოვრებას ვეწევით. გასართობად თითქმის არ დავდივართ, გარემოს არაადაპტირებულობის გამო არც დრო გვაქვს და არც საშუალება. ჩვენთან ახლოს სკვერიც არაა, რომ სუფთა ჰაერზე მაინც გავიდეთ ხოლმე", - ამბობს დედა, მარინე აბრამიშვილი და სეირნობის შემდეგ დათო და ნიკა ისევ სახლში ბრუნდებიან.
რამდენიმე თვის წინ დიდუბის რაიონის ერთ-ერთ სკვერში უბნის მოსახლეობის თანხმობით, გამგეობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი საქანელა დაამონტაჟა.
სკვერში მსხდომმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ საქანელა შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ბავშვებისთვის სახიფათო იყო და შესაბამისი აბრის დამონტაჟებამდე დიდუბის პოლიციას მისი ჩამოხსნა მოსთხოვეს.
სახალხო დამცველის შშმ პირთა უფლებების ცენტრმა ამ შემთხვევის შესწავლა 2014 წლის ივლისში დაიწყო. ცენტრმა დიდუბის გამგეობის სახელზე წერილი მოამზადა, გამგეობამ ომბუდსმენის აპარატს უპასუხა, რომ საქანელა უახლოეს მომავალში დამონტაჟდებოდა, თუმცა თვეების წინ ჩამოხსნილი საქანელა სკვერის კუთხეში ისევ უფუნქციოდ დევს.
ინკლუზიური სკვერებისა და ადაპტირებული შენობა-ნაგებობების პრობლემა საქართველოს ყველა რეგიონშია. სხვადასხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სრულად ადაპტირებული გასართობ-კულტურულ-შემეცნებითი სივრცეები არ არსებობს.
მოზარდმაყურებელთა თეატრის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, ეტლით მოსარგებლე ბავშვები დღესასწაულებზე თეატრში ხშირად დადიან. შენობა ადაპტირებული არაა. ამიტომ, ასეთ დღეებში კიბეზე იქვე შესასვლელ კართან მიყუდებულ ფიცარს დებენ და ბავშვები ასე შეჰყავთ. მცირე დარბაზში კი მშობლებს ხელში აყვანილები აჰყავთ.
"ჩვენ მუდმივად აქ ვართ და დახმარებაზე უარს არასდროს ვეუბნებით", - ამბობს დაცვის წევრი.
თუ ბავშვს კოკა-კოლის დასალევად და ჩიზბურგერის საჭმელად მაკდონალდსში შესვლა მოუნდა, მშობელი ამ სურვილის შესრულებას მოახერხებს - პირველი სართული ადაპტირებულია. მაგრამ თუ ბავშვებისთვის განკუთვნილ გასართობ ოთახში მოისურვებს ასვლას ან საპირფარეშოთი სარგებლობას, შვილისთვის უარის თქმა მოუწევს. ასეთი მდგომარეობაა მაკდონალდსის ყველა ფილიალში. მარჯანიშვილის ფილიალის მენეჯერი ნინო კანდელაკი "ლიბერალთან" საუბრისას ამბობს, რომ მათთან ბავშვები საერთოდ არ დაჰყავთ: "მხოლოდ ერთი ეტლით მოსარგებლე, ზრდასრული გოგონა დადის ხოლმე საჭმელად".

ეტლით მოსარგებლე ბავშვებს ლიფტით სარგებლობა შეუძლიათ "ამირანის" კინოთეატრში, რაც შეუძლებელია "რუსთაველში". დაცვის თანამშრომლის თქმით, ადმინისტრაცია ახლო მომავალში გეგმავს, რომ კინოთეატრი სრულიად ადაპტირებული გახადოს: "აქ ხშირად დაჰყავთ ეტლით მოსარგებლე ბავშვები, ოღონდ კიბეზე მშობლების დახმარებით, ხელში აყვანილები ადიან".
"იუნისეფის" საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე იმ თანაბარ შესაძლებლობებზე საუბრობს, რომელიც თანაბრად უნდა ჰქონდეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არმქონე ბავშვებს:
"დასვენება, თამაში, კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა ბავშვის ერთ-ერთი უფლებაა. ბავშვებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად გადაადგილება სხვადასხვა ტიპის გასართობ, საგანმანათლებლო თუ კულტურასთან დაკავშირებულ დაწესებულებებში. მათ ასევე უნდა შეეძლოთ სარგებლობა იქ არსებული ყველა მომსახურებით. სამწუხაროდ, ბევრი ასეთი დაწესებულება დღეს შშმ ბავშვებისათვის ადაპტირებული არ არის", - ამბობს მაია ქურციკიძე.
კონსულტანტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საკითხებში, მაგული შაღაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილების შესახებ ყვება და ამბობს, რომ იქ არ არსებობს კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი გასართობ-დასასვენებელი ადგილები. მაგალითად, სკვერები ისეთი უნივერსალური დიზაინითაა დაპროექტებული, რომ სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
"ინკლუზიური გარემო გულისხმობს უნივერსალურ დიზაინს, რომლით სარგებლობაც ყველას თანაბრად შეუძლია, არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის არის თუ არა".
გარდა იმისა, რომ საქართველოში ასეთი ინკლუზიური გარემო თითქმის არ არსებობს, ხშირად ადაპტირებული გარემო მხოლოდ ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის ხელმისაწვდომ გარემოდ აღიქმება. ამას სხვადასხვა დაწესებულებაში მხოლოდ პანდუსით ადაპტირებული შენობებიც მოწმობს.

"ამიტომ, გარემო ყველა სახის შშმ ბავშვისთვის უნდა იყოს მეგობრული. სახელმწიფომ სწორად უნდა დაგეგმოს ეს პროცესი და მიჰყვეს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, სადაც კარგადაა განმარტებული უნივერსალური მოდელი", - ამბობს მაგული შაღაშვილი.
2014 წელს მთავრობამ 41-ე დადგენილება მიიღო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკას ეხება.
რატი იონათამიშვილი, რომელიც თბილისის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანია, თბილისის მერიის მომავალ გეგმებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, მერია აქტიურად მუშაობს ადაპტირების საკითხებზე, ეტაპობრივად აღრიცხავენ იმ შენობა-ნაგებობებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა გახდეს; შემდეგ შეისწავლიან, რა თანხები დაჯდება და მის შესრულებამდე კონსულტაციებს შშმ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაივლიან. შშმ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნაც ამ პროექტის ფარგლებში მოხდება:
"ვფიქრობ, ერთ-ერთი პრიორიტეტულია სკვერების, დასასვენებელი და რეკრეაციული ზონების ადაპტირება. ბავშვებისთვის კი - ამით თანაბრად სარგებლობა".
რაც შეეხება კერძო კომპანიებს, იონათამიშვილის თქმით, მერია უკვე თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან და ეტაპობრივად მათი ადაპტირებაც მოხდება. 41-ე დადგენილება სახელმწიფო და კერძო სექტორებს თანაბრად ავალდებულებს ამის გაკეთებას.
როდის შეძლებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სკვერებში, თეატრებში, დაბადების დღის ცენტრებსა და სხვა გასართობ-შემეცნებით ადგილებში სიარულს - ამაზე პასუხის გაცემა ჯერ რთულია. რატი იონათამიშვილის ინფორმაციით, ყველაფრის ერთ დღეში შეცვლა შეუძლებელია, „მერია ამისთვის 2016 წლის ბიუჯეტში თანხებს გაითვალისწინებს და გარემო ეტაპობრივად ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება“.   

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.

1 комментарий:

  1. CASINO DOWNS HOLDINGS, INC | Mapyro
    Welcome to Casino DOWNS 당진 출장마사지 HOLDINGS, INC. Your 대전광역 출장샵 casino table game at 계룡 출장마사지 your location in North Carolina with slot machines, 순천 출장마사지 blackjack, 안동 출장샵 roulette and other table games.

    ОтветитьУдалить