вторник, 1 марта 2016 г.

ეტლით მოსარგებლის წერილი ქალაქს

ავტორი: დიანა ჯაშიაშვილი

ბევრჯერ მიოცნებია, თავისუფლად მესეირნა ჩემს ქალაქში, რომელიც ძალიან მიყვარს და მათბობს. მის ქუჩებში სიარული მუდამ იმ პერიოდს მახსენებს, როცა ეტლით სარგებლობა არ მჭირდებოდა. ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ყოფილიყო თუნდაც რამოდენიმე ადაპტირებული ტრანსპორტი, რათა თავისუფლად შემძლებოდა ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე გადასვლა; ყოფილიყო კაფე-ბარები, სადაც შესვლა დამოუკიდებლად შემეძლებოდა.

რეალობა, რომელშიც ვცხოვრობ, ჩემს საჭიროებებს არ სცნობს – სადაც არ უნდა მივიდე, ყველგან ბარიერი მხვდება. მრჩება შეგრძნება, რომ ეტლი ჩენი სასჯელია და არა გადააგილების საშუალება. შვებას ვგრძნობ, როდესაც რომელიმე შენობასთან ვხედავ პანდუსს – სიამაყის გრძნობაც მიჩნდება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ეს საშუალება  გამოუყენებლი რჩება, რადგან  სტანდარტების და ნორმების შეუსაბამოა. ამიტომ, სხვების დახმარების გარეშე ასვლა ჩემს ძალებს აღემატება ხოლმე.
თუ შევაღწიე შენობაში, იქვე სხვა სირთულეები ჩნდება. მაგალითად, ვიწრო კარები, რომელშიც ეტლით ვერაფრით შეაღწევ. ამ დროს განცდა მეუფლება, რომ ამ შენობის დამგეგმავებს ჩენი არსებობა არც კი გახსენებიათ.
ვიცი, არსებობენ ისეთი ადამიანები, ვინც აუცილებლად დამეხმარებიან, მაგრამ მე მინდა, ვიყო დამოუკიდებელი და გარემო არ მზღუდავდეს, რადგან მეც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ,  როგორიც ყველა, მათ შორის, როგორიც შენ, რომელიც ამ წერილს კითხულობ.
მიუხედავად გარშემო გაბნეული უთვალავი ბარიერისა, ვცდილობ, ლაღად ცხოვრების ძალა შევინარჩუნო. თუმცა ეს ხშირად ძალიან რთულია. თითოეული გარეთ გასვლა  არის ძალიან დამღლელი.  ვიცლები ენერგიისგან და თავიდან ძალების აღდგენა მიწევს, იმ იმედით, რომ კარს მიღმა ხვალ უკეთესი პირობები დახმვდება.
ის გარემო, რომელსაც ქალაქი ეტლით მოსარგებლეებს გვთვაზობს, ჩაკეტილი კარივით არის, რომელსაც ვერ ვაღებთ; რომელიც სამყაროს მიღმა გვტოვებს; რომელიც გვბოჭავს და გარემოთი ტკბობის უფლებას გვართმევს. ამიტომაც არის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები საკუთარ კედლებში ცხოვრებენ. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ შინ გამოკეტვა მათი სურვილია. არა, მათ უბრალოდ სამყარო, რომელსაც ჩვენი არსებობა დავიწყებული აქვს, სხვა არჩევანს არ უტოვებს.
ჩვენ გულები მრავალჯერ გაგვიტდა,  ჩვენ იმედები მრავალჯერ გაგვიცრუვდა.
ამ წერილის დაწერა იმაზე რთულია, ვიდრე – მისი ზერელე ჩაკითხვა.
დასასრულს, მინდა გითხრათ, რომ თითოეულ თქვენგანს, რომელიც ამ წინადადებებს კითხულობთ, ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეგიძლიათ.
ადამიანებმა ერთმანეთის ტკივილის გათავისება უნდა ვისწავლოთ.
მერწმუნეთ, ეტლში მჯდომ ადამიანებს შორის ბევრს გვინდა, მომავლის შექმნაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.
მოგვეცით ამის საშუალება,
ჩამოხსენით ის უხილავი კარებები, რომელსაც თქვენ შეიძლება ვერ ამჩნევთ, მაგრამ ჩვენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий