вторник, 6 января 2015 г.

წარმატებული ქალი

ივეტა წითაშვილი

როგორც ამბობენ, ,,საბოლოოდ დარწმუნებულები მიწაში წვანან“და რადგან მე ცოცხალი ვარ, ჩემ ფიქრებსა და დამოკიდებულებებში ცდომილებები მრავლად არის. ჰოდა, წაკითხულით  ტკბობა თუ ვერ განიცადეთ, გაიღიმეთ და დახურეთ ბლოგი.
საუბრის თემა მარადიულად ნედლია - ქალი და კაცი, სქესთა შორის სოციალური როლების, ძალაუფლებისა და რესურსების გადანაწილება, თანასწორობის (თუ სქესთა შორის წონასწორობის) დაცვა ან ვინ ვისზე მეტი უფლებით სარგებლობს და ძლიერი და წარმატებულია. მეც ასე ვფიქრობ, თემა საჩემო განსასჯელი არ არის, მით უფრო, რომ არც ექსპერტი ვარ გენდერულ საკითხში, არც ფსიქოლოგი და არც სხვა ვინმე, ვისაც განსაკუთრებული მიგნებები აქვს ამ მხრივ და არც ქინაქინაა ჩემი აზრები ამ საკითხზე, რომ ვინმეს უწამლოს. ბლოგის სახელიც ხმაურიანი მგონია ჩემთვის, მე არასდროს დამითვლია ვარსკვლავები ეპოლეტებზე, მე ვარსკვლავები ცაზე და თვალებში მიყვარს.
მე ქალი ვარ და არასდროს ვიბრძვი, მე არ მესმის ბრძოლა უფლებებისთვის. მე ბრძოლა არ მესმის საერთოდ. მე ქალი ვარ და მე ვიცავ ჩემ უფლებებს და ეს სხვადასხვა მეტაფორებია და აქ არაფერ შუაშია ჰეროიკა და აქტივიზმი. მე არ ვებრძვი კაცებს, მე ისინი მიყვარს (მადლობა ღმერთს, მე ყოველთვის კარგი კაცები მხვდებოდნენ), მე არ ვიბრძვი სიყვარულისთვის, მე სიყვარულს ვზრდი ჩემში. მე არ ვიბრძვი თავისუფლებისთვის, მე თავისუფალი ვარ დედის საშოდან და ვერავინ წამართმევს მას. მე ყოველთვის თავისუფალი ნებით ვაკეთებ არჩევანს. მე ვირჩევ როგორ ვიცხოვრო, როგორ მოვიქცე და ვიმოქმედო. მე ავირჩიე პროფესია და არ გავხდი ფარმაცევტი, როგორც ეს სხვებს უნდოდათ, მე არ ვიღებავ თმებს, რადგან მე ეს არ მინდა, მე არ დავიკლებ წონაში იმის გამო, რომ ვიღაცას თხელი ქალი უყვარს, მე ყოველთვის ჩავიცვამ შარვლებს, რადგან ღმერთს ეს არ უშლის ჩემ სიყვარულში და საერთოდ, ღმერთი ასე არ წვრილმანდება. და ,,რა უნდა მიყოს მე ხორციელმა“, თუ ვგრნობ სიყვარულს (ღმერთს, როგორც სიყვარულს), თავისუფლებას (,,თავის“ უფლებას) სიცოცხლეში,  არჩევანში, ფიქრებსა და მოქმედებაში. ჯერ უსუსურ წყალმცენარეს აქვს თავდაცვის რეფლექსი და გრძნობს, როდის გამოაჩინოს საცეცები, ჰოდა, ადამიანმა, მით უფრო, უნდა იცოდეს, როდის ხელყოფენ მის ღირსებას და  საფრთხეს უქმნიან სიცოცხლეს თუ თავისუფლებას. დაუნახაობის თუ დათმენისთვის მიზეზები ამ დროს არ არსებობენ. ტრაგედიაა, როცა გულფუღურო და ჩლუნგი ტრადიციების თუ წარმოდგენების ყალიბში მოქცეული ადამიანები ქალებს ექცევიან, როგორც საქონელს, ხელკეტებით სცემენ, ხოცავენ თუ ქოლავენ მათ, როცა მთელი სოფელი პირუტყვად იქცევა და დახოცილი ქალების ხმა იკარგება ბერლინში აღმართული ბრინჯაოს ქანდაკების ხმის ,,ყვირილის“ მსგავასად, როცა საზოგადოებრივი ქცევის მოდელები მიცვალებულებივით ჰკიდიათ ადამიანებს ზურგზე, როგორც ზარატუსტრას მასხარა და ვერც ხვდებიან, რომ იყინებიან.  სძინავთ იმ კაცების დედებს და დებს, რადგან ხედავენ შვილებში უსიყვარულობით მხოცავებს და ხმას არ იღებენ, რადგან მათ გაზარდეს ისინი, სძინავთ ქალებს, რომლებიც ითმენენ და დათმენას აბრალებენ შვილებს, ეკონომიკურ მდგომარეობას და ჰგონიათ, რომ თუ ერთხელ ცემა კაცმა, ამას მრავალჯერ არ გაიმერებს, რომ წასასვლელი არსად აქვთ და გზას ვერ ხედავენ, ვერ ხვდებიან, რომ მათი თავმდაბლობა და კეთილშობილება კარგია მხოლოდ იქამდე, სანამ მათ თავმდაბლობასა და კეთილშობილებას არ მიაფურთხებენ, სძინავთ რელიგიებს, რადგან ისინი ცივად ქადაგებენ, სძინავს კანონდებლობას კონვენციებით, რეზოლუციებით, დეკლარაციებით და არც ერთი მათგანი არ არის თავშესაფარი ქალისთვის, როცა ქალს თავშესაფარი სჭირდება. როგორც ამბობენ, ყველა თვითონ ითავისუფლებს თავს. მე ერთი ქალი ვარ და საკუთარ თავს ვათავისუფლებ. მზა რეცეპტი მე არ მაქვს. გამოსავალი ყველასთვის ინდივიდუალურია, მაგრამ ერთი რამ ცხადი და მარტივია:
1. იქ სადაც სიყვარულია, არავის უწევს არც ბრძოლა, არც დაცვა, არც ძალის თუ სქესის უპირატესობის დემონსტრირება, არც გადანაწილება რესურსების თუ როლების (ეს საერთოდ არ მესმის), არც თანასწორობის თუ წონასწორობის შენარჩუნება, არც ფლობის თუ დასაკუთრების სურვილი, არც ყალიბში მოქცევა, რადგან ,,სიყვარული ყველაფერზე უპირატესია“, რადგან სიყვარული უანგარო ზრუნვა და მსახურებაა და სადაც სიყვარულია, იქ თავისუფლებაცაა, იქ ორი ერთმანეთსაც უყურებს და იყურება მესამისკენაც _ ღმერთისკენ, რადგან ღმერთი სიყვარულია. ახალი აღთქმით ერთადერთი მცნება ეძლევათ ადამიანებს და ის სიყვარულის მცნებაა, რომელიც ძველი აღთქმის ათივე მცნებას აუქმებს, რადგან სადაც სიყვარულია, იქ არც მკვლელობაა, არც უპატივცემლობა, არც მრუშობა და არც სხვა რამე, რაც აზიანებს ადამიანს. სიყვარულს კი აუსახურებენ დღეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაავადებათა რეესტრში შეიყვანა ის  და  ნომერიც კი მიანიჭა მას. საგულისხმო მინიშნებაა, როცა მსოფლიო სიყვარულს განსაზღვრავს როგორც  ვნებას, ჩვევებსა და მიდრეკილებების აშლილობას და ახასიათებს სიყვარულისგან შორს მდგარი სიმპტომებით. აი, მსოფლიოს კიდევ ერთი ჩლუნგი, მიცვალებულივით ცივი აზრი და განა ეს ერთი მიცვალებული ჰკიდია მსოფლიოს ზურგზე? ჰოდა, მოიკიდებს ამასაც, ერთით მეტი მიცვალებული რაა მსოფლიოსთვის?;
2. გაცნობიერებული აუცილებლობა, რომ გქონდეს ნება და გამბედაობა, არ იყო მონა არც კაცის, არც გარემოს და მდგომარეობის, რადგან ,,საკუთარი ნების მოკვეთა სისხლისღვრაა“. გქონდეს უნარი საკუთარ თავზე დაფიქრების და გქონდეს სწრაფვა მოქმედების, გზის და გამოსავალის დანახვის, რადგან ,,ნისლი, როგორადაც არ უნდა იყოს დაბურული, მაინც ვერ სპობს გზის არსებობის ფაქტს“ და ,,ჯოჯოხეთშიც რომ მოგიწიოთ გავლამ, არ შეჩერდეთ და განაგრძეთ გზა“. რადგან არ არის იმაზე კარგი შეგრძნება, როცა ,,გრძნობ, რომ გზა იწყება და შენ სწორედ სათავესთან დგახარ“ და ხედავ, რომ ,,ამის შემდეგ ცხოვრება არასდროს იქნება იგივე“. არ აიღოთ იმაზე მეტი ტვირთი, რისი აღების ძალაც არ გაქვთ. არ შეიძლება ,,ვარდის რტოებზე წისქვილის ქვების ჩამოკიდება“, რადგან დაიმსხვრევიან ისინი. აიხსენით მიჭედებული ხუნდებისგან და იარეთ, ბედნიერებო, თქვენ სიარული მაინც შეგიძლიათ, ძნელია? თქვენ არ იცით რა ძნელია ეტლში. თქვენ არ იცით რა სახეები გაქვთ ეტლიდან (და აქვთ ადამიანებს). თქვენც, ქალებიც ხართ სხვა ქალების მხოცველები, რადგან კაცებთან ერთად ხართ წილში კაცებში უსიყვარულო,  ფუღურო და ჩლუნგი  თვისებების გაღვივების და ადამიანური ქცევების დეგრადირების, ქალებს შორის ქალების დისკრიმინაციის (თქვენ ხომ ქალებად არ აღიქვამთ ,,ინვალიდ“ ქალებს, მათ ხომ არ აქვთ სქესი თქვენთვის, არ მითხრათ ახლა, რომ რძლად ,,ინვალიდს“ შეუშვებდით სახლში, ჰოდა, თქვენი გაზრდილი კაცების ქცევაც ტოლფასია თქვენი ქცევის. ეს ვრცელი თემაა და ამაზე სხვა დროს. ახლა ღიმილით ჩავივლი მე). იცით, რომ გრაფიტი ხდის მდგრადს ატომური რეაქტორის სტრუქტურას?  და გრაფიტი, ამ შემთხვევაში, სიყვარულის თქვენი უნარი და  თქვენი ცნობიერებაა, ცნობიერება, რომელიც ქმნის ყოფიერებასა და ტრაგედიებს. აბა, კარგად მიიხედეთ ზურგზე, რამდენი მიცვალებული გკიდიათ და როგორ ყინავენ ისინი თქვენ გულს.
ყველამ თვითონ გადაწყვიტოს იყოს ადმიანი, ჰქონდეს ადამიანური ქცევა და ადამიანური ცხოვრება....
ჰოდა,  მე ცოცხალი ვარ... მე თავისუფალი ვარ... მე ვირჩევ... მე ვფიქრობ და ვაცნობიერებ... მე ვმოქმედებ და ვხედავ გზას... მე ვგრძნობ სიყვარულს, მუსიკას, ფერს და  მე მიყვარს... მე ხმაურში  დუმილი და ღიმილი ვისწავლე... მე ცხოვრებას ვუყურებ, როგორც სიხარულს, როგორც სასწაულს, როგორც მზეს, რომელიც მათბობს... მე დავდივარ და ვხეტიალებ ოცნებებში... მე მაქვს ემოციები და შეგრძნებები, მე მათ ვწერ და ისინიც სტრიქონებს შორის ცოცხლდებიან და ყვავილობენ... მე ვისწავლე სამყაროს (ღმერთის) მოსმენა და ჩვენ ვსაუბრობთ... მე ბავშვივით სულს ვუბერავ ბაბუაწვერებს და მჯერა, რომ სურვილები ამისრულდება...მე ბედნიერი ვარ...
ჰო, მე...მე...მე...მე...მე...
მეც ასე ვფიქრობ, ბევრია ,,მე“, მაგრამ სადაც ,,მეს“ შლიან და ანადგურებენ, იქ ადამიანს შლიან და ანადგურებენ... იქ სიყვარული არ არის... იქ პატივისცემა არ არის... იქ თავისუფლება არ არის... იქ არაფერი არ არის... მე ხშირად მეუბნებიან, რომ ცხოვრებას ვარდისფერში აღვიქვამ. სან ჟონ პერსსაც ეუბნებოდნენ, ,,ბნელი ხარო“, ,,ჩემი საუბარი კი ზღვას ეხებოდაო,“ _ ამბობს იგი... ჰოდა, ,,სიყვარულიც ზღვას ჰგავსო“ ამბობენ და ეს ისე, ზღვა რომ მიყვარს, იმიტომ ვთქვი. ჰოდა, რომ ნახოთ რა ფერები აქვს ცხოვრებას, გაოცდებით. რა ვარდისფერი.

ავტორი: ივეტა წითაშვილი [ასოციაცია „დეას“ პროექტის კოორდინატორი]

Комментариев нет:

Отправить комментарий