пятница, 6 февраля 2015 г.

განათლების სამინისტრო

ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამა მიზნად ისახავს შემდეგი ამოცანების განხორციელებას:
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეების  იდენტიფიკაციას და შეფასებას, მათი ინდივიდუალური  საჭიროებების და შესაძლებლობების განსაზღვრას;
  • სასწავლო პროცესში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების აკადემიური და  სოციალური მიღწევების შეფასებას;
  • სსსმ ბავშვთა ეროვნული მოდელის შემუშავებას;
  • სსსმ ბავშვის იდენტიფიკაციისა და მისი საგანმანათლებლო საჭირობების შეფასების ინსტრუმენტის (ტესტების) პილოტირებას;
  • სპეციალური პედაგოგიკის და მასთან დაკავშირებული სპეციალობების საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამებისთვის რეკომენდაციების მომზადებას.
  • ინკლუზიური განათლების საპილოტე სკოლებში სსსმ ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულობის უზრუნველყოფისათვის საჭირო  აქტივობების დაფინანსებას: სკოლებში სსსმ მოსწავლეთა განათლების სპეციალისტების დაფინანსებას, რესურს ოთახების აღჭურვას და ორი  სკოლის ტრანსპორტითა და მძღოლით უზრუნველყოფას. პარალელურად საქმიანობას ინკლუზიური განათლების პოლიტიკის დახვეწისა და საკანონმდებლო დონეზე შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად. აღნიშნული ამოცანების შესაბამისად, ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 6 ქვეპროგრამა. თითეულ ქვეპროგრამას განესაზღვრება კონკრეტული მიზნები.
”მულტიდისციპლინური გუნდის დაფინანსების ქვეპროგრამა”
ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი – წარმოადგენს სპეციალისტთა გუნდს, რომლის შემადგენლობაში შედიან: 3 ფსიქოლოგი, 2 ოკუპაციური თერაპევტი, 2 სპეციალური პედაგოგი. მულტიდისციპლინურ გუნდის ფუნქციას წარმოადგენს თბილისის მასშტაბით არსებული ყველა სკოლისთვის საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური დახმარების გაწევა ინკლუზიური განათლების განვითარების პროცესში. მულტიდისციპლინური გუნდის წევრები მიზნის მისაღწევად შეძლებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სსსმ მოსწავლეების  იდენტიფიკაციას და  შეფასებას,  მათი ინდივიდუალური  საჭიროებების და შესაძლებლობების განსაზღვრას, სსსმ მოსწავლეების მშობლებისათვის რეკომენდაციის გაწევას ბავშვის  საგანმანათლებლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის. ასევე სასწავლო პროცესში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების აკადემიური და  სოციალური მიღწევების შეფასებას და მონიტორინგს.

ექსპერტთა ჯგუფის  საქმიანობის მხარდაჭერის ქვეპროგრამა

ქვეპროგრამის მიზანია საექსპერტო დასკვნების მომზადება სსსმ ბავშვთა განათლების 2009-2011 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტულ საკითხებზე.
 

იმისთვის რომ ხარისხიანი განათლება ყველა ბავშვისთვის გახდეს ხელმისაწვდომი, უნდა შემუშავდეს სსსმ ბავშვთა განათლების ეროვნული მოდელი, რომლის დანერგვა და ფუნქციონირება შემდგომში დარეგულირდება ნორმატიული აქტით და დაექვემდებარება მონიტორინგს. სსსმ ბავშვთა განათლების ეროვნული მოდელი უნდა შეიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:  სსსმ მოსწავლეთა განათლების პროცესის მართვის სტანდარტულ წესებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის, განხორციელებისა და მონიტორინგის წესებს, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების    შეფასებისა და მომდევნო საფეხურზე გადაყვანის წესებს;

ექსპერტთა ჯგუფის მუშაობა უნდა დაეფუძნოს სსსმ ბავშვთა განათლების კვლევებს, მტკიცებულებებსა და საუკეთესო გამოცდილებას;
 

ექსპერტთა ჯგუფის მიერ შექმნილი სსსმ ბავშვთა განათლების ეროვნული მოდელი წარედგინება  საზოგადოებას განსახილველად, მათ შორის სკოლებს, განათლების რესურს-ცენტრებსა და სამინისტროს;

მოხდება ექსპერტების მიერ რეკომენდირებული შეფასების ინსტრუმენტის სხვადასხვა  ტესტის  ადაპტირება.  ასევე ექსპერტთა ჯგუფის მიერ განხილული იქნება სპეციალური პედაგოგიკის საერთაშორისო პროფესიული სტანდარტი, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში არსებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები,  შემუშავდება რეკომენდაციები სპეციალური განათლების საუნივერსიტეტო პროგრამისათვის.  რეკომენდაციები წარდგენილი და განხილული იქნება ყველა კომპეტენტურ უწყებაში. მომზადდება რეკომენდაციები ინკლუზიური განათლების სფეროში კვლევითი პროექტების შესახებ.

თბილისის  საპილოტე   სკოლებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამა;

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური  მხარდაჭერით, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით  განახორციელა პროექტი ”ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროექტი თბილისის სკოლებისათვის.” პროექტი მიზნად ისახავდა ინკლუზიური სწავლების დანერგვას დედაქალაქის 10 ( № 67, 130, 24, 10, 180, 87, 60, 181, 21, 160) სკოლაში  და მიღებული გამოცდილების საფუძველზე ინკლუზიური განათლების სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობას.
 

2008 წლის დეკემბერში პროექტი ”ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროექტის თბილისის 10 სკოლისათვის” დასრულების შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აიღო ვალდებულება აღნიშნულ სკოლებში ინკლუზიური განათლების პროცესის გაძლირებისა. ინკლუზიური სწავლების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, 2009 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამების დეპარტამენტმა თბილისის  საპილოტე სკოლებში  (№ 67, 130, 24, 10, 180, 87, 60, 181, 21, 160) ჩაატარა გამოკითხვა სკოლების საჭიროებების გამოსავლენად, რომლის საფუძველზეც   2010 წლისათვის დაიგეგმა ინკლუზიური განათლების  პროცესის  ხელშემწყობი აქტივობების დაფინანსება: სპეციალური პედაგოგის, ფსიქოლოგის დაფინანსება, სკოლების ფიზიკური გარემოს გაუმჯობესება, საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსით და თვასაჩინოებებით უზრუნველყოფა.   ორი სკოლისათვის, სადაც  უმეტესი ბავშვები არიან ეტლით მოსარგებლე ავტობუსისა და მძღოლის მომსახურების დაფინანსება. ქვეპროგრამის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია საპილოტე სკოლების ფარგლებში ინკლუზიური განათლების დანერგვაში წარმატებული სკოლების იდენტიფიცირება და მასწავლებლებისათვის სიგელების და ფულადი საჩუქრების გადაცემა.

სპეციალიზირებული პროფილის  სკოლების  ხელშეწყობის ქვეპროგრამა

სახელმწიფო სსსმ ბავშვების ინკლუზიურ სწავლების პრიორიტეტულობის აღიარების პარალელურად აცნობიერებს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ვერ უზრუნველყოფს ყველა სახის საგანმანათლებლო საჭიროების დაკმაყოფილებას.  სპეციალური (არაინკლუზიური) სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა  აუცილებელია სპეციალიზირებული სკოლების საშუალებით. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სპეციალიზირებული სკოლები არის მთავარი რესურსი ინკლუზიური სწავლების განვითარების ხელშეწყობისათვის. სწორედ ისინი ლიდერობენ სწავლების სტრატეგიების, ადაპტირებული კურიკულუმებისა და ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროებებისადმი ინდივიდუალური მიდგომების ცოდნისა და გამოცდილების კუთხით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს -  სპეციალიზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სასწავლო პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით უზრუნველყოფს  ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა  და სპეციალურ პედაგოგთა შრომის ანაზღაურებას და  მიმდინარე ხარჯების  დაფარვას.

საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების   წახალისების ქვეპროგრამა „ვისწავლოთ   ერთად“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიზნად ისახავს ინკლუზიური განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს ყველა სკოლაში. თუმცა აღნიშნული პროცესის წარამართვა ეტაპობრივად  არის დაგეგმილი. ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს კი თავად სკოლის როლის გააქტიურება წარმოადგენს სსსმ ბავშვთა განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის. აღნიშული მიზნის მისაღწევად სამინისტრო აცხადებს კონკურსს „ ვისწავლოდ ერთად“. კონკურსი   საჯარო სკოლებს საშუალებას მისცემს თავად წარმოადგინონ პროექტები, თუ როგორ სურთ ინკლუზიური განათლების დანერგვა და განვითარება სკოლაში. სკოლებიდან წარმოდგენილი ინიციატივების შერჩევას უზრუნველყოფს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კომისია. კონკურსში გამარჯვებული პროექტები მიიღებენ დაფინანსებას.

ათი რეგიონული სამიზნე სკოლის რესურ ოთახების აღჭურვის ქვეპროგრამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  ახორციელებს  პროექტს ”ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს 9 რეგიონის საჯარო სკოლებში”.
 
პროექტის მიზანია ინკლუზიური განათლების დანერგვა, განვითარება საქართველოს ყველა რეგიონის საჯარო სკოლებში და საქართველოს რეგიონებში ინკლუზიური განათლების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, განისაზღვრა საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანთლებო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემოს შექმის აუცილებლობა.  პროექტის  “ინკლუზიური განათლების განვითარება  საქართველოს 9 რეგიონის საჯარო სკოლებში” ფარგლებში ათი სამიზნე  სკოლის რესურს ოთახების  აღჭურვის ქვეპროგრამა ხელს შეუწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლებას თანატოლებთან ერთად და უზრუნველყობს მათთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას. კერძოდ, პროექტის 10 სამიზნე სკოლაში დაარსებული რესურს ოთახები ხელს შეუწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინდივიდუალურ და ჯგუფურ მეცდინეობებს, მათთვის სასწავლო მასალის მომზადებას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონაწილეთა შეხვედრებს და ა.შ. დამატებით, საჯარო სკოლებში დაარსებული და აღჭურვილი რესურს ოთახები მოიაზრება, როგორც დამატებით საგანმანათლებლო რესურსი მთელი სკოლისთვის
p://mes.gov.ge/content.php?id=539&lang=geo



ფსიქიკური ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმა

Комментариев нет:

Отправить комментарий