სახელმწიფო ცნობს და იცავს... სახელმწიფო უფლებამოსილია... სახელმწიფო
ვალდებულია... სახელმწიფო ზრუნავს... სახელმწიფო ხელს უწყობს... ყოველ
ადამიანს აქვს უფლება... ყოველი ადამიანი სარგებლობს... დაუშვებელია...
პლაცებო (!) ...
ისინი მეუბნებიან,
1. შენ გაქვს უფლება განათლების:
მე მივიღე განათლება. მამას ხელით ავყავდი უნივერსიტეტისა და
ბიბლიოთეკების კიბეებზე. ზოგჯერ კურსელებს კონსპექტები და წიგნები სახლში
მოჰქონდათ. ჩემი დეკანი მანქანით მოდიოდა სახლში, რომ უნივერსიტეტში
წავეყვანე, რადგან ავტობუსზე ვერ ავდიოდი და ტაქსით მგზავრობა ძვირი
ჯდებოდა. მეგობრები ჩემთვის მანქანას ქირაობდნენ თბილისში ჩასასვლელად. მე
ვისწავლე. მე მივიღე სამეცნიერო ხარისხი.
2. შენ გაქვს უფლება ჯანრთელობის დაცვის:
ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა მესამე კურსზე სწავლისას. ჩემმა
მშობლებმა გაყიდეს ყველაფერი, რაც კი რამ ძვირფასი გააჩნდათ, მანქანა,
ოქრო... სადიოგნოზო პროცედურებისთვის წამიყვანეს ჯერ პეტერბურგში, მერე
ამერიკაში, მერე მეგობარმა წამიყვანა შვეიცარიაში, ბოლოს ისრაელში
დაადგინეს საბოლოო დიაგნოზი. ისრაელში წასვლა ბევრი ადამიანის დახმარებით
მოხერხდა. მე ორი გამოსავალი დამრჩა: ან გავრისკო და გავიკეთო
ძვირადღირებული ოპერაცია ან ჩავიტარო ხანგრძლივი ფიოზიოთერაპია, თუმცა არც
ეს მოითხოვს მცირე თანხას. მე არ მინდა მათხოვრობა.
3. შენ გაქვს უფლება მუშაობის:
დღემდე ვმუშაობდი ასოციაცია „დეაში“, მე იქ მოხალისედ მივედი (ჯერ კიდევ
ჯანმრთელი) და 16 წელი ვიმუშავე სხვადასხვა პოზიციაზე. საჯარო სექტორში
მუშაობას თვისობრივად განსხვავებული რეალობა და ადამიანები სჭირდება.
შენობები არ არის შეღწევადი, არც ტრანსპორტია ადაპტირებული, არც ქუჩებია
მოწესრიგებული. ისინი იგონებენ უსუსურ მიზეზებს უფლებამოსილებისა და
არსებული კანონების აღუსრულებლობის გასამართლებლად. ისინი იქცევიან როგორც
პილატე, პასუხისმგებლობისგან იბანენ ხელებს, მათ არ იციან, რომ ამით
ადამიანობაც მიჰყვება წყალს. მათ ჰგონიათ, რომ ჯერ „ჯანმრთელები“ არ არიან
დასაქმებული და რადგან ეტლში ვარ, მეათეხარისხოვან სამსახურზე უნდა
დავთანხმდე და ამისთვის მეტანიები ვაკეთო მადლიერებით. მათ არ იციან, რომ
მე თავისუფალი ვარ (მეტანიებისგანაც).
4. შენ გაქვს უფლება დასვენების:
ჩემი დასასვენებელი ადგილი ჩემი სახლის აივანია ან ეზო, სხვაგან
ადგილებში მისასვლელი ეტლიანებისთვის იშვიათად არის. მე სხვაგვარად
ვისვენებ. ფიქრი მიდის შორს.
5. შენ გაქვს უფლება აირჩიო და მიიღო მონაწილეობა არჩევნებში:
როცა ისინი საარჩევნო გარემოს ასხვავებენ იმ გარემოსგან, რომელშიც
ვცხოვრობ, ვმუშაობ ან უნდა ვიმუშაო, როცა ისინი გარემოს ადაპტირებას
იწყებენ არჩვენების გამოცხადების დღიდან და ასრულებენ კენჭისყრის დღეს,
როცა ისინი ამბობენ, რომ უნდა ისწავლო „იმ“ სკოლაში, „იმ“ უნივერსიტეტში,
იმუშაო „იმ“ სამსახურზე (ან სახლში), იცხოვრო „იმ“ კორპუსში, რადგან სხვა
შეღწევადი არ არის ან სხვა მიზეზის გამო, მე მართმევენ არჩევანის უფლებას.
მათ არ იციან, რომ მე ვირჩევ.
მე, როგორც უპარტიო კანდიდატმა მივიღე მონაწილეობა ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩვენებში. პირველად არ გავსულვარ ხალხში. ერთ-ერთი
პროექტის ფარგლებში თემშიც მიწევდა გასვლები და არაერთ თემში. ისინი
მეუბნებოდნენ, რომ კაცების არის პოლიტიკა და ასეთ „ჭკვიან“, „განათლებულ“
გოგოს რა მინდა „ბინძურ“ პოლიტიკაში. მათ „ვებრალებოდით“ ეტლში. ადამიანები
უნდა გათავისუფლდნენ ცრუ წარმოდგენებისგან, კერპთაყვანისმცემლობისგან,
შიშებისა და სიბნელისგან. პოლიტიკა (და სამყარო) უნდა გაიწმინდოს
მუსკულებისა და ბოზობისგან. მათ არ იციან, რომ ქალები ეტლში აზროვნებენ,
ქალები ეტლში ადამიანები არიან, ქალებს ეტლში უყვართ. ისინი არ ფიქრობენ,
რომ აზროვნების შეზღუდულობა მოძრაობის შეზღუდულობაზე მძიმე დიაგნოზია.
6. ქალებს აქვთ დედობის უფლება:
მედპერსონალმა არ იცის, როგორ მომემსახუროს მე, როგორც ორსულს და
მშობიარეს. ისინი თვლიან, რომ „ქალი ეტლში“ არ არის ქალი. სიყვარული,
ოჯახი სხვა ქალებისთვისაა და ჯერ მათ „უჭირთ“. მათ არ იციან, რომ მე
ვუყვარვართ ეტლშიც, რომ სიყვარული არ ნიშნავს სახლის დალაგებას, მტვრის
გადაწმენდას, თეფშების რეცხვას, კერძების მომზადებას და რომ სიყვარული უფრო
მეტია, ვიდრე მითები სისხლსა და ნეირონებში. მათ არ იციან, რომ
გადაწყვეტილებას მე ვიღებ.
უფლებები მრავლად არსებობენ...
ისინიც ბევრნი არიან...
სახელმწიფო და ადამიანები ცოცხლად მმარხავენ, მაგრამ მათ არ იციან, რომ
სულ უფრო ღრმად ღმერთია და მან მითხრა, რომ ჩემი ცხოვრება იმაზე სასწაულია,
ვიდრე მათ ჰგონიათ... და მეც ვიცი და ვგრძნობ...
მე ცოცხალი ვარ...
25.08.2014
ავტორი: ივეტა წითაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий